ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები ჭიათურაში ყოველდღიურად მძიმდება. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომელმაც შარშანდელი 10 მილიონიანი ბიუჯეტიდან 2 მილიონი ვერ აითვისა და თბილისს დაუბრუნა, ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას ითხოვს.
ზედაპირზე ამოსული ფუჭი ქანები მიწას გამოუსადეგარს ხდის. დამატებითი პრობლემაა ჰაერის და სასმელი წყლის დაბინძურება. ადგილობრივი ხელისუფლებაც, გარემოს დაცვის სამინისტროც და ჯორჯიან მანგანეზიც საქმის კურსში არიან, მაგრამ კარიერები ჯერაც ღიაა.
გარემოს დაცვის ინსპექციამ ჭიათურაში არსებული ვითარება 2 წლის წინ შეისწავლა და დაასკვნა, რომ მანგანუმის არასწორმა მოპოვებამ და გადამუშავებამ გარემოს 350 მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიყენებული ზიანის უდიდესი ნაწილი წვრილი მომპოვებლების, ე.წ. კოოპერატორების მიერაა მიყენებული.
საბოლოო დასკვნის მოლოდინშია კიდევ ერთი, 8 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტიც, რომელიც ზესტაფონის ფეროს ეკოლოგიური და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირდება. ჭიათურაში კი ახალი გამამდირებელის აშენება გარემოზე მავნე ზეგავლენასთან ერთად პროდუქციის თვითღირებულებასაც შემაცირებდა.
ავტორი:მიხეილ სესიაშვილი