პროდუქტებზე ფასების ზრდა, ლარის გაუფასურება და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული რისკები-ეს ის გარემოებებია, რის გამოც ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ხელფასების 40%-ით მატებას ითხოვენ. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა მაღაროელმა გააკეთა.
ისინი აცხადებენ, რომ კომპანია ჯი აი ჯი-ს მიერ შეთავაზებული ხელფასების 5 %-იანი ზრდა არარეალურია და მათი გაფიცვის მიზანი ეს არ ყოფილა. მაღაროელებმა შახტის კონსერვაციის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრეს და დამქირაველბები შანტაჟში დაადანაშაულეს.
„ჩვენ პირველივე დღიდან გააზრებული გვქონდა რა შედეგებამდე მივიდოდით. ეს არის შანტაჟის ენა. ჩვენს უკან ოჯახები დგას და მხოლოდ წინ ვივლით. კონსერვაციის შემთხვევაში ჩვენ შევუერთდებით იმ გაფიცულ ქალაქებს და რაიონებს, რომელიც არსებობს და მივმართავ სახელმწიფოს, მუშათა კლასი ერთიანდება და დროა იფიქროს სახელმწიფომ უღირს თუ არა ეს კომპანია ამად, რომ დაიწყოს მუშათა კლასის ერთად შეკრება,“-აცხადებს აქციის მოანწილე ლევან ბეშკენაძე.
მაღაროელების ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხეს ჯი აი ჯი ჯგუფში, სადაც განმარტეს, რომ შახტის კონსერვაცია გამოწვეულია აალებისა და ხანძრის საფრთხეებით. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, კომპანია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
„ჩვენი მხრიდან გაკეთდა შეთავაზება და ამის მომზადების დროს მოგვიწია მაქსიმალური ფინანსური რესურსების მობილიზება და მეტი დათმობა კომპანიის მხრიდან ვერ გაკეთდება,“-აცხადებს ზურაბ გელენიძე.
ავტორი:სოფო ვარდიაშვილი