ტყიბულში შექმნილ ვითარებაზე და მეშახტეთა პროტესტზე კომენტარი გააკეთეს საქართველოს განვითარების ფონდისა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა. ისინი ბიზნესის წარმომადგენლების მიერ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
"კანონმდებლობაში უნდა მივიღოთ შესაბამისი ცვლილებები, რომელიც აიძულებს ბიზნესს ჩაჯდეს ცივილურ ჩარჩოებში და დაიცვას დაქირავებული მუშახელის ინტერესები. როგორც ჩანს, კანონის მოთხოვნებია ძალიან მსუბუქი, შესაბამისად, საჯარიმო სანქციები აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში შრომითი უფლებები და სიცოცხლის უფლებები იყოს დაცული“, - განცხადა საქართველოს განვითარების ფონდის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორების წევრის ზვიად ძიძიგურის თქმით, საკანონმდებლო დონეზე შესატანი ცვლილებებისთვის პარლამენტიც მზად არის.
„საქმის კურსში არის პრემიერმინისტრიც. ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე რა ცვლილებებიც არის შესატანი, ამისთვის პარლამენტიც მზად არის. ვფიქრობ, სწორედ ეს, ტყიბულის მეშახტეების თემა, უნდა გახდეს საკვანძო თემა, როგორ მოვახერხოთ და დავარეგულიროთ, როგორც დაქირავებულის, ასევე კერძო ბიზნესის ინტერესები“, - აღნიშნა ძიძიგურმა.