დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ადიგენის რაიონის სოფელ ადიგენში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც მუსლიმებს მიეცათ უფლება სოფელში ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით მოქმედი სასაფლაოსგან განცალკევებით ახალი მუსლიმური სასაფლაო გაეკეთებინათ.
რელიგიის საბჭოს განცალკევებით სასაფლაოს გაკეთების თხოვნით ადგილობრივმა მუსლიმებმა მას შემდეგ მიმართეს რაც შარშან სოფელში მცხოვრები მურადი გელაძე გარდაიცვალა რომელიც ქრისტიანულ სასაფლაოზე არ დაკრძალეს და მეზობელ სოფელში დაასაფლავეს.
საბჭოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა და სოფელში ვითარება დაიძაბა რაც გუშინ ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, რომლის დროსაც ბიძაშვილები იაკობაძეები დაშავდნენ, მათ სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს.
ამ დროისთვის ადიგენში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, სოფელში საპატრულო პოლიცია პატრულირებს, მომხდარის გამო ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.