20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ადიგენში სამართალდამცველები ვითარებას აკონტროლებენ

ადიგენში მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმება შედგა. ამ წუთებში ადიგენის ერთ-ერთ ოჯახში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ესწრებიან ჭულევის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანთიმოზი, ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე და სამცხე-ჯავახეთის მუფტი, მამუკა ვაშაყმაძე. ასევე ადიგენში იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამადგენლები.

დღეს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შუამავლის ფუნქცია იკისრა რაიონის გამგებელმა.

“ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვართ წამყვანი ძალა, ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს მდგომარეობას, ჩვენ შეგიქმნით კომფორტულ გარემოს, შეხვდებით ერთმანეთს ორივე მხარე, დაილაპარაკებთ და შეთანხმდებით იმიტომ, რომ თქვენ უნდა მოგხმარდეთ ეს სიკეთე,“ - განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ.

სამცხე-ჯავახეთის მუფტის წარმომადგენლის თქმით, მათ არავის ციხეში ჩასმა არ უნდათ.

„დავსხდეთ და ერთად დავილაპარაკოთ. ეს მოსახლეობაც დაიშლება და წავა სახლებში. ჩვენ არავის ციხეში ჩასმა არ გვინდა. ჩვენ მოგვეცეს თავისუფლება, ვილოცოთ და სასაფლაო მოგვეცეს,“ - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.       

შეგახსენებთ, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, მუსლიმებს უფლება მიეცათ, ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ. 

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები