სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომლისთვისაც პენსია და სოციალური დახმარება არაფერს ცვლის. უკიდურესად ცუდ საცხოვრებელ პირობებში ხუთი ადამიანი კონფლიქტის ზონასთან ცხოვრობს. მათი ფარდული იმდენად პატარაა, რომ ყოველ ღამე ოჯახის ერთ–ერთ წევრს დაძინება ღია ცის ქვეშ უწევს. ქველმოქმედებით დაწყებული სახლის მშენებლობა კი გაჩერებულია.
კუსრაძეების 5-სულიანი ოჯახი უკვე 16 წელია, კონფლიქტის ზონაში სოფელ ტირძნისში ფიცრულში ცხოვრობს. მათ წყლის მოტანა რამდენიმე ასეული მეტრიდან უწევთ. მათი საარსებო წყარო სოციალური დახმარება და ბაბუის პენსიაა. თუმცა, მერაბ კუსრაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შემოსავლის დიდი ნაწილი მის მკურნალობას ხმარდება.
კუსრაძეების ოჯახს 2008 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია და ეკლესია 7000 ლარით დაეხმარა. ოჯახმა ორი ოთახი ააშენა, თუმცა თანხის უკმარისობის გამო მშენებლობა ვერ დაასრულეს. ფიცრულში მთელი ოჯახი ვერ ეტევა, ამიტომ დედას ღია კედლებში სძინავს.
სოფელ ტირძნისის გამგეობაში აცხადებენ, რომ უწყება კუსრაძეებს ხშირად ეხმარება. თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ოჯახის წევრები.
სოფლის გამგეობაში აცხადებენ, რომ კუსრაძეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციაც იგეგმება, თუმცა გაურკვეველი რჩება, კიდევ რამდენი ხანი მოუწევს ოჯახს ამ პირობებში ცხოვრება.
ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი