ცოტახნის წინ დასრულა შეხვედრა ადიგენში მუსლიმებსა და დასავლეთ საქართველოს მუფტს შორის. რამდენიმე საათიანი შეხვედრის დროს რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს, საუბარი შეეხო სოფელ ადიგენში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხსაც, თუმცა საკითხზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. როგორც შეხვედრის შემდეგ ბეგლარ ქამაშიძემ აღნიშნა, ამ საკითხზე შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან გაიმართება, თუმცა როდის, ცნობილი არ არის.
რამდენიმე საათის წინ დასრულდა იმ 4 ახალგაზრდის დაკითხვაც, რომლებიც გუშინწინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მუსლიმი თემიდან 3 ადამიანი დაშავდა.
პოლიციის განყოფილებიდან გამოსულებმა აღნიშნეს, რომ ფაქტზე მხოლოდ ქრისტიანები დაკითხეს, რაც მათ არასწორად მიაჩნიათ.
29 თებერვალს ადიგენის რაიონის სოფელ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო ადამიანის დევნის მუხლით მიმდინარეობს.
სოფელ ადიგენში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.