არასამთავრობოები მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებების დასაცავად პირველ ინსტანციას განცახდებით მიმართავს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, ისინი სასწრაფო წესით შეიტანენ განცხადებას უზრუნველყოფაზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი სასამართლო წესით თხოვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არ დანიშნოს მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე არავინ, რადგან მისი თქმით, თუ დავა წარმატებით დასრულდება და მამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს დაუბრუნდება, ეს პოზიცია არ იყოს დაკავებული.
„მამუკა ახვლედიანის გათავისუფლება მოხდა კანონის ნორმების გვერდის ავლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია და შეიჭრა სხვა ორგანოს კომპეტენციაში,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამართლე მამუკა ახვლედიანთან ერთად მივლენ.