დიდ დიღომში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჰიპერმარკეტ გუდვილთან წყლის მილი გამთენიისას გასკდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც Georgian Water & Power-ის თანამშრომლები ცენტრალურ მილზე სამუშაოებს აწარმოებდნენ. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.
Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.
ადგილზე რაიონის გამგებელიც იმყოფება. მიყენებული ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
დიდ დიღომში მომხდარი დაზიანების გამო დიდ დიღომს, ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი