თელავის, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დანგრევის პირასაა.
ავარიულ შენობაში ყოველ დღე 120 ბავშვი იკრიბება, რომელთაც სამხატვრო ტექნიკის შესწავლა შეშის ღუმელით სანახევროდ გამთბარ ოთახებში უწევთ. მათ არც საგამოფენო სივრცე აქვთ.
სამხატვრო ხელმძღვანელობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ნახევრად დანგრეულ სკოლას რეაბილიტაცია 2012 წლის შემდეგ აღარ ჩატარებია.
ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებით, მათ საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე არაერთხელ დააყენეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ქალაქ თელავის მერიაში და აცხადებენ, რომ 50 ათას ლარად სამხატვრო სკოლის ახალი შენობის პროექტი შეიძინეს, თუმცა, მთლიანი სივრცის კეთილმოწყობა იმაზეა დამოკიდებული მიიღებს თუ არა მუნიციპალიტეტი ჭარბ შემოსავალს. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის დაიწყება, ან საერთოდ დაიწყება თუ არა ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავტორები: ია გულიაშვილი, მარიამ ჭოხონელიძე, ნათია ბუცხრიკიძე.