„არა გაზპრომს“ - კრემლის ენერგოგიგანტის საწინააღმდეგო აქციას ამჯერად სტუდენტები იუსტიციის სახლთან გამართეს. ახალგაზრდების მიზანი, მათი განმარტებით, მოსახლეობის ინფორმირებაა.
მათ გამვლელებს დაურიგეს ფლაიერები, სადაც ჩამოთვლილია 13 ფაქტი, თუ რატომ არის საქართველოსთვის სახიფათო რუსული ენერგომაგნატი.
დღევანდელ აქციას ასევე შეუერთდნენ პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები, რომელშიც გაერთიანებულია 17 არასამთავრობო ორგანიზაცია.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ გვაბოლებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ SOCAR-ს არ შეუძლია საქართველოსთვის დამატებითი მოცულობების მოწოდება,“ - ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარს შორის დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხმაურება.
თუმცა, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, გამარჯვებამდე ჯერ შორია.
„ჩვენ კიდევ მეორე ამოცანა გვაქვს შესასრულებელი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდეს გაზპრომს ჩვენთვის მომგებიანი პირობებიდან გადავიდეთ წამგებიან პირობებზე, ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე,“ - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
როგორც დღეს გაირკვა, სტუდენტებიც და პლატფორმაც უერთდება 6 მარტის აქცია-ჯაჭვს, რომლის ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. მათი მთავარი მოთხოვნა იქნება, ხელისუფლებამ შეწყვიტოს გაზპრომთან მოლაპარაკებები.