ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპული კიდევ 10 მებრძოლი იდენტიფიცირებულია. ცხედრები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სამების ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ იქ იმყოფებოდა პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
„სამშობლოსთვის დაღუპული 10 ახალგაზრდა არის კიდევ იდენტიფიცირებული, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს. ამ წუთისთვის 31 გმირი არის იდენტიფიცირებული და მათი უმრავლესობა დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე. კიდევ ველოდებით 12 მიცვალებულის იდენტიფიცირებას და ამით მთლიანად დაიხურება ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ბიჭების თემა. ამის შემდეგ, ველოდებით დაახლოებით 20-მდე ადამიანის იდენტიფიცირებას სხვადასხვა სამარხებიდან და წელს უნდა გაიხსნას რამდენი სამარხი აფხაზეთის ტერიტორიაზე, საიდანაც მინიმუმ 100-ზე მეტი მიცვალებულის გადმოსვენება უნდა მოხდეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.