ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროში მივიდა. მისი თქმით, ის მარტო კანონიერი და იურიდიული გზებით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას. გაჩეჩილაძის თქმით მას ბაია გადაბაძესთან და ჟურნალისტებთან შეხვედრა სურს.
"არანაირ ძალადობას არ ვაპირებ, ბაიასაც დაველაპარაკები. მინდა კოლექტივთან შეხვედრა და ჩემი მომავალი ნაბიჯების ახსნა. ამ მისამართზე ზის მაესტრო, რომლის გენერალური დირექტორი დღეს გავხდი მე და ვარ აბსოლუტურად კონსტრუქციულად გამზადებული მომავლისთვის. მარტო კანონიერი და იურიდიული გზებით ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. ალტერნატიულ შენობასაც ვიპოვი პრობლემა არ არის არაფრის. იჯარის ხელშეკრულების დარღვევასაც და მაესტროს აქედან გადასვლასაც აქვს თავის გონიერი ვადები. დაველაპარაკები მაესტროს ამ შენობის მმართველს, მფლობელებს, მათ იურისტებს და იმის მიხედვით მივიღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ის ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე ჟურნალისტს მასთან შეხვედრა სურდა, თუმცა არ აკონკრეტებს მათ სახელებსა და გვარებს. ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ბაია გადაბაძე.
როგორც ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი კურიერთან საუბრისას აცხადებს, საიჯარო ხელშეკრულება რეესტრში გაბათილებულია და ის იმედს გამოთქვამს, რომ ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებს ლევან გაჩეჩილაძე შენობაში შესვლას.