20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
აკაკი მინაშვილი ანა დოლიძეს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის ანა დოლიძეს იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, რომელიც იცავდა რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“ორგანიზაცია რომელიც იცავდა რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ  თითქოს საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია მათი ფუნდამეტური უფლებები რუსეთის აგრესიის დროს და თქვენ იყავით ამ ორგანიზაციის კონსულტანტი“ - განაცხადა მინაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე მინაშვილის ბრალდებას პასუხობს.

“ეს ორგანიზაცია შეიქმნა 2000 წლებში და ეს ინფორმაცია მითითებულია  მათ ვებგვერდზე იმისათვის, რომ გაესამართლებინა რუსეთი ჩეჩნეთში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მე წარმოგიდგენთ სურათებს რომელიც დიახაც, რომ ჩემი მეშვეობით იქნა მოპოვებული და სწორედ ამის მეშვეობით ჰუმან რაით ვოჩმა დაადასტურა, რომ რუსეთმა არაერთხელ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენა კასეტური ჭურვები“ - აღნიშნა დოლიძემ.   

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატის ანა დოლიძის მოსმენა მიმდინარეობს. დოლიძე კანდიდატად პრეზიდენტმა დაასახელა. განხილვაში უმრავლესობაც და უმცირესობაც მონაწილეობენ. ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს ჯერ არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. ნაციონალური მოძრაობა კი აკრიტიკებს ანა დოლიძის კანდიდატურას.

ავტორი:  ანა წერეთელი 

 

დღის ამბები