დღეს ღამით ქართველი აქტივისტები უერთდებიან აქციას, რომელიც მთელ მსოფლიოში იმართება. უკრაინელი პილოტის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით მსოფლიო დედაქალაქებში რუსეთის საელჩოებთან მომიტინგეები იკრიბებიან. მსგავსი აქცია გაიმართება თბილისშიც, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან, ღამის 12 საათზე.
“თავისუფალი ადამიანების მოყვარე და თავისუფალი სამყაროს ღირსების საკითხია სავჩენკოს გათავისუფლების საკითხი. რუსეთს შერჩა ანწუხელიძე, რუსეთს არ უნდა შერჩეს ნადია სავჩენკო, ის უნდა გათავისუფლდეს! სწორედ ამიტომ, სოლიდარობის და სავჩენკოს თავისუფლების დასაცავად, ჩვენ ღამის 12 საათზე ვიკრიბებით რუსეთის საელჩოსთან“, - განაცხადა ტელეკომპანია ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
საქართველოში მცხოვრები უკრაინელების თქმით,მასობრივი აქციები მთელ მსოფლიოში გარკვეულ შედეგს მოიტანს.
"დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მოზიდვაა. პირველ რიგში, ამ საკითხზე მინდა ყურადღება გაამახვილოს იმ საზოგადოებამ, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, მინდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ხდება მათ ქვეყანაში 2016 წელს, ასევე გვინდა ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს ინფორმაცია ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ. გვჯერა, რომ მასობრივი აქციები მთელს მსოფლიოში გარკვეულ შედეგს მოიტანს და არ მისცემს რუსეთის მთავრობას საშუალებას წაუყრუოს ამ ყველაფერს. ნადეჟდას მდგომარეობა რთულია და თუ ის გააგრძელებს მშრალ შიმშილობას, ჩვენ მას დავკარგავთ”, - აღნიშნა იური გორბაკიმ.
ავტორი: დავით კაკულია