ქუთაისში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მომუშავე 18 ადამიანს, კომპანიამ ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა. სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია ჯი-თი-აი, რომელმაც მშენებლობის უფლება ტენდერში გამარჯვებით მიიღო. ობიექტის მშენებლობა 6 თვის წინ დასრულდა და თუ კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, მუშები სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. ამ ფაქტზე დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გიორგი თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
"მიუხედავად იმისა, რომ ის საბავშვო ბაღი რომლის მშენებლობაზეც მუშაობდნენ ეს ადამიანები, პრაქტიკულად, მათი შრომით, ჯაფით და ხელებით აშენდა. უკვე ჩაბარებულია 6 თვეა, დღემდე ამ ადამიანებს არ აუღიათ ერთი თეთრი, არავინ არ დაინტერესებულა ამ ადამიანების ბედით. ვერავინ ვერ გამოძებნა დრო და საშუალება იმისათვის, რომ ამ ადამიანების უმწვავესი პრობლემებით ყოფილიყო დაკავებული. 18 ოჯახი არის პრაკტიკულად ულუკმაპუროდ დარჩენილი“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.