მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დილიდან მაესტროს თანამშრომლებს და უმეტესად წამყვან პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომლებს, ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ტელეფონით პირადად უკავშირდება და სთხოვს მათ, შეხვდნენ მაესტროს ახალ მენეჯმენტს და შეხვედრის ორგანიზებას პირდება, თუმცა ბაია გადაბაძისთვის უცნობია, თუ რა სტატუსით ერევა იმედის გენერალური დირექტორი მაესტროს შიდა საქმეებში.
„გიორგი ბახტაძე, იმედის დირექტორი, ურეკავს რამდენიმე წამყვან პოზიციაზე მომუშავე ადამიანს და სთავაზობს ლევანთან შეხვედრის ორგანიზებას. ეჭვი მეპარება, რომ ეს არის კეთილშობილური ჟესტი. მაქსიმალურად კულტურულად რომ შევაფასო, ძალიან არაკოლეგიალურია, არაპროფესიონალურია, და ძალიან უგუნური ნაბიჯია,“ - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ასევე, ბაია გადაბაძის ინფორმაციით, ამ წუთებში, გაჩეჩილაძეების ადვოკატი ტელეკომპანია იმედის მმართველი კომპანიის სელფორდ ჯორჯიას ხელმძღვანელს ირაკლი რუხაძეს ხვდება.
თუმცა რა თემებზე საუბრობს მხარეები, ბაია გადაბაძისთვის უცნობია.
„ვერ გეტყვით, რაზე შეიძლება ელაპარაკებოდეს კორძახიას თანაშემწე ქალბატონი ნანუკა, ირაკლი რუხაძეს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ყველას გამოგვრჩა ერთი მთავარი რამ - გადაიფარა ირაკლი რუხაძის ფაქტორი, რაც არის მთავარი. ირაკლი რუხაძე კლავ აგრძელებს მოლაპარაკებებს მაესტროს საწინააღმდეგოდ, და ეს არის ამაზრზენი უკვე," - აცხადებს ბაია გადაბაძე.