ძვირადღირებული ვიდეო და ფოტოკამერები, რომლის შეძენაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებამ თითქმის ერთდროულად გადაწყვიტა. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ სამინისტროები, მთავრობის კანცელარია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მხოლოდ 2016 წელს ათიათასობით ლარს ტექნიკური აპარატურის შესაძენად ხარჯავენ. მათ შორის მერია 100 ათასზე მეტ ლარს 2 ვიდეოკამერისთვის იხდის მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა 2014 წელს ერთი ვიდეოკამერა უკვე შეიძინა, რაშიც 20 ათასი ლარი დახარჯა.
თბილისის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია და უსაფრთხოების სამსახური - 5-მა სახელმწიფო უწყებამ თითქმის ერთდროულად ძვირადღირებული ფოტო და ვიდეოკამერების შეძენა გადაწყვიტა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წელს უწყებების ნაწილმა ტექნიკა უკვე შეიძინა, ნაწილს კი ამ ეტაპზე ტენდერი აქვს გამოცხადებული.
მერიის მსგავსად ტენდერი აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ძალოვან უწყებაში განმარტავენ, რომ 100 ათას ლარზე მეტი ღირებულების ფოტოაპარატები ექსპერტ-კრიმინალისტებს დაურიგდებათ.
მთავრობის ადმინისტრაციაში კი, სადაც ორი ფოტო აპარატი 30 ათას ლარად შეიძინეს, განმარტავენ, რომ ადმინისტრაციის ფოტოგრაფები ღონისძიებებს დღემდე პირად საკუთრებაში არსებული აპარატურით იღებდნენ და მათგან ორი დაზიანდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე