პენტაგონი ადასტურებს, რომ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ შიშანის განადგურების მიზნით საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. უწყების პრეს მდივანმა პიტერ კუკმა განხორციელებული ოპერაციის დეტალები არ დააკონკრეტა და განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგებს თავდაცვის სამინისტრო ჯერ ისევ აზუსტებს.
უცხოური მედია კი უკვე ავრცელებს ინფორმაციას ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ. მათი ცნობით, ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი 4 მარტს სირიაში ალშადადის პროვინციაში სარაკეტო იერიშებს ემსხვერპლა.
ალშიშანზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელისთვის რამდენიმე მილიონის ჯილდოც არის გამოყოფილი.
თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ რამდენჯერმე გაავრცელა, თუმცა არც ერთი მათგანი არ დადასტურდა.