გუდაურში მომხდარ ინციდენტს სამართალდამცველები იძიებენ. 2 ტურისტი გოგონა ექსპერტიზაზე დღეს სამხარაულის ბიუროში დაიბარეს. სამთო კურორტზე მომხდარის 2 განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობენ დაზარალებულები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ტურისტების განცხადებით ერთ–ერთ მაშველთან შელაპარაკება ტრასაზე ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
ირინა კუდრიაშოვას თქმით, მაშველი მას და მის მეგობარ გოგონას აგრესიულად ექცეოდა, შელაპარაკებას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.
ინციდენტს რამდენიმე თვითმხილველი ყავდა, მათ შორის მოსკოვიდან ჩამოსული დამსვენებელი, რომელიც ირინა კუდრიაშოვასთან ერთად გუდაურში იმყოფებოდა, ის ამბობს რომ მაშველებმა სათხილამურო ტრასების დატოვება სამუშაო საათების დასრულებისთანავე მოსთხოვეს, რაზეც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მისი თქმით, მაშველები მათი მისამართით თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილი.
ინციდენტის მონაწილე მაშველი დავით ქუშაშვილი მომხდარის შემდეგ სამსახურში აღარ გამოჩენილა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.