20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
უარი თანამშრომლობაზე-"მაესტროში" დაპირისპირება მწვავდება 

ლევან გაჩეჩილაძისთვის მაესტროს შენობა ისევ დახურულია. დღეს გაჩეჩილაძე ტელევიზიაში არ შეუშვეს, რის გამოც არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ფინანსურ დირექტორთან და გადაცემა ბიზნეს-კონტაქტის ხელმძღვანელთან მოლაპარაკება ოფისის გარეთ კაფეში გამართა.

მოლაპარაკების დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს არხის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანას.

სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ გიორგი ისაკაძე მაესტროს ახალ დირექტორთან თანამშრომლობას არ გეგმავს.

იმის გასარკვევად უნდათ თუ არა მასთან მუშაობა მაესტროს დანარჩენ თანამშრომლებს გაჩეჩილაძემ ისინი დღეს საღამოს თავის საცხოვრებელ სახლში მიიწვია, თუმცა ჯერჯერობით  უცნობია გამოეხმაურებიან თუ არა ტელევიზიის თანამშრომლების არხის ახალი გენერალური დირექტორის წინადადებას.

ის რომ მისთვის მაესტროს კარი დახურული იყო განცხადება ჯერ კიდევ დილით გააკეთა მაესტროს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა. ბაია გადაბაძემ ლევან გაჩეჩილაძეს შეხვედრებისთვის ფართის დაქირავებაც შესთავაზა.

დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა მაკა ასათიანმა და განმარტა, რომ ემ ინვესტმენტსა​ და შ.პ.ს. სტუდია მაესტროს შორის ხელახალი იჯარის გაფორმებას არ აპირებს.

ავტორები: ეკა გაგუა, რამაზ უთრუგაშვილი.

დღის ამბები