ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - ერთმანეთს სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს, რომლებიც სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს. უკვე ერთი საათია სტუდენტებს პარალიზებული აქვთ დარბაზის კარი, სადაც სენატის სხდომა უნდა გამართულიყო. სტუდენტების განცხადებით, ისინი არ აპირებენ სენატის წევრების დარბაზში შეშვებას. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
სტუდენტების განცხადებით მათ სურთ კონსტრუქციული საუბარი.
„არ გვიშვებენ როდესაც გვსურს კონსტრუქციული საუბარი. ჩვენზე ხორციელდება ძალადობა, დაცვას მოვუწოდებ თქვენ უნდა აირჩიოთ სწორი მხარე,“-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი თქმით, სენატის სხდომა არის ღია და მასზე დასწრების საშუალება სტუდენტებსაც აქვთ. აღნიშნული საკითხის გარკვევა მათ იურიდიული სამსახურის წარმომადგენელს სთხოვეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. სტუდენტებმა უნივერსიტეტიდან პოლიციის გაყვანაც მოითხოვეს.