ბაჩო კიკაბიძე ძველი სახელით ახალ ტელევიზიას ქმნის. განცხადება ამის შესახებ კიკაბიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კიკაბიძე ამბობს, რომ მაესტროს სავაჭრო ნიშანის მფლობელი ის არის, ხოლო ლოგო და სახელი მამუკა ღლონტთან და ეკა აკობიასთან ერთად წლების წინ შექმნა, 2011 წელს კი საკუთარ შ.პ.ს.-ზე დაარეგისტრირა.
კიკაბიძე ამბობს, რომ ახალი ტელევიზიისთვის აპარატურაზე და შენობის ფართზე მოლაპარაკებებს მაკა ასათიანთან აწარმოებს, ხოლო მამუკა ღლონტს მოუწოდებს, რომ ახალი ტელევიზიის მართვაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
"უახლოეს დღეებში მე დავიწყებ მაესტროს სახელით მაუწყებლობას. მივმართე მარეგულირებელს. მე ვაწარმოებ შენობაზე და აპარატურაზე კონსულტაციებს მაკა ასათიანთან. უახლოეს პერიოდში მაესტროს თანამშრომლებს შევხვდები და შევთავაზებ ჩემთან თანამშრომლობას. მოგახსენებთ, რომ ბატონი მამუკა არ იღებდა მონაწილეობას ტელევიზიის მართვაში და ის რადიოს კუთხით მუშაობდა ახლა მე მას ვთავაზობ ახალი არხის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა,"- განაცხადა კიკაბიძემ.
კიკაბიძემ ლევან გაჩეჩილაძის ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ლოგო მის მიერ არის შექმნილი და მის სახელზეც კანონიერად არის დარეგისტრირებული.
კიკაბიძე ამბობს, რომ გაჩეჩილაძე არა ტელევიზიის, არამედ შ.პ.ს. სტუდია მაესტროს დირექტორად დაინიშნა. ახალი ტელევიზია კი მაუწყებლობას შ.პ.ს. ტელეკომპანია მაესტროს სახელის ქვეშ დაიწყებს მაუწყებლობას.