თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ სტუდენტებთან შეხვედრა სცადა, თუმცა მის გამოჩენას სტუდენტების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ლადო პაპავა დაცვის წევრებმა საკუთარ კაბინეტში დააბრუნეს. ცოტა ხნის წინ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პაპავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ის სტუდენტებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე.
რაც შეეხება სენატის სხდომის გადადებას, რომელზეც სენატის წევრებმა კანცლერი უნდა აირჩიონ, ლადო პაპავა ამბობს, რომ სხდომის გადადების კომპეტენცია არ აქვს.
„სენატის სხდომის გადადების უფლება აქვს თვითონ სენატს. რექტორს ამის გადადების მექანიზმი არ აქვს, მთავარია ჩვენ არ ამოვვარდეთ საკანონმდებლო სივრციდან, რასაც განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ და რასაც განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება. წესდებით გათვალისწინებულია სენატის სხდომის ჩატარება. ჩემთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტი ასრულებდეს უმთავრეს ფუნქციას, სასწავლო სამეცნიერო ფუნქციას და ნებისმიერი ექსცესი, რაც ახლა ხდება უნივერსიტეტისთვის არის მიუღებელი. ამიტომ ყველამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე,“-განაცხადა ლადო პაპავამ.