თბილისში მშენებარე ახალი ბაგა-ბაღები დაათვალიერა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად.
ამ დროისთვის, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 6 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ნაწილიც ექსპლუატაციაში გაზაფხულზე, ნაწილი კი წლის ბოლომდე შევა. წლევანდელი წლის დასაწყისში კი უკვე გაიხსნა კიდევ ერთი ახალი - 128-ე საბავშვო ბაღი.
გარდა ამისა, 2016 წელს დედაქალაქში 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. დასრულებული, მშენებარე და დაგეგმილი საბავშვო ბაგა-ბაღები ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
“ 6 ბაღიდან 3 უკვე პრაქტიკულად დასრულებულია და მხოლოდ შიგნით აღჭურვას საჭიროებს და შესაბამის კომპლექტაციას რაც აპრილის ბოლომდე დამთავრდება და 15 მაისამდე სამ ბაღში უკვე შემოვიყვანთ აღსაზრდელებს, ხოლო დანარჩენი სამი ამ გაზაფხულზე დასრულდება“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.