იუსტიციის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან და რადიო ფორტუნასთან თანამშრომლობას წყვეტს, ამის შესახებ განცხადებას მინისტრი თეა წულუკიანი სოციალური ქსელით ავრცელებს, რომელსაც რუსთავი 2 უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც ყოფილი ოპოზიციონერი, როგორც ქალი და შესაბამისად ადამიანი (მეტი სხვა სტატუსი არც მინდა ამის წერისას რომ მქონდეს და მძულს ისიც კი, რომ ამის წერა მიწევს), საჯაროდ ვაცხადებ, რომ სამინისტროს სისტემა ipn.ge-თან და ასევე რადიო ფორტუნასთან, მომხდარის გამო, აღარ ითანამშრომლებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიუსებს ჩვენგან ოფიციალური რელიზების თუ ინფორმაციების სახით, აღარ მიიღებთ. ინსტრუქცია უკვე ჩაშვებულია აპარატში და სამინისტროს 11-ვე სსიპ-ში და პირადად გავაკონტროლებ ყველა ჩემი სტრუქტურის ყველა პიართანამშრომელს, რომელიც ამ ინსტრუქციის დარღვევისათვის მკაცრად დაისჯება.
მედიამ, მათ შორის პოპულარულმა, მაუწყებლობის ელემენტარული წესები უნდა იცოდეს.
45-50 წუთი დასჭირდათ სპეცსამსახურებსა და აიტისპეციალისტებს, პარტნიორებს, რეაგირებისა და დაბლოკვისათვის, ტირაჟირება კი ზოგიერთს ამ პერიოდში ვერავინ დაასწრო. გულისრევის სმაილი" წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი საკუთარ გვერდზე."
ამავე თემაზე საკუთარი facebook-ის გვერზე განცხადებას ავრცელებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სრულიად მიუღებელი, უზნეო და ამორალური ფაქტის მოწმე გავხდით მორიგ ჯერზე.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაჩვენოთ მსგავსი ქმედების მიუღებლობა და შეურიგებლობა. პროტესტი უნდა იყოს ქმედითი.
თავდაცვის სამინისტრო და ყველა ჩვენს დაქმვემდებარებაში მყოფი სუბიექტი წყვეტს ამ სააგენტოსთან ურთიერთობას.
არ შეიძლება, აღარ უნდა დავუშვათ, არ უნდა შევეგუოთ!"