დმანისიდან სოფელ საფერლომდე, გზის საფარის 6 კილომეტირან მონაკვეთზე, რომელიც ბიუჯეტს ჯამში 1 მილიონ 100 ათასი ლარი დაუჯდა, ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას თითქმის არ არსებობს.
მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში გაფორმდა, რომლის მიხედვითაც შპს ტე-ტე-ს 3 წლის განმავლობაში ეტაპობრივად 16 კილომეტრი გზა უნდა გაეყვანა. მესამე წელს დასრულებული 6 კილომეტრიანი მონაკვეთი კი დღეს ყველაზე პრობლემურია.
როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი პავლე ადუაშვილი იხსენებს, სამუშაოების დიდი ნაწილი ნაჩქარევად, ერთ თვეში წარიმართა.
შ.პ.ს. საინჟინრო ჯგუფი და ხარისხი საქართველოში ის კერძო კომპანიაა, რომელსაც შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა დმანისის გამგეობამ დაუკვეთა.
მშენებელი კომპანია ინფრასტრუქტურის სამსახურს უნდა გაეკონტროლებინა, რომლის უფროსი, თემურ თეთრაძეც გამგებლის დედის მამიდაშვილია.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარეც და რეგიონის გუბერნატორიც გამგებლის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან და მედიატორში შიშობენ, რომ ამ ფონზე ეფექტური კონტრორლის განხორციელება თითქმის შეუძლებელია.
საფარლო - დმანისის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ შესაძლო დარღვევებს პროკურატურა სწავლობს. თუმცა დმანისის საკრებულოს ოპოზიციაში თვლიან, რომ აღნიშნული მონაკვეთი გამონაკლისი არაა და შესაბამისმა ორგანოებმა სხვა ობიექტების შესწავლაც უნდა დაიწყონ.
გამოძიების დასკვნას ელის დმანისის გამგებელიც და მსგავსი პრობლემების ასაცილებლად მომავალში კონტრაქტორი კომპანიებისგან 2 წლიანი გარანტიების მოთხოვნას აპირებს.