ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიის ნაწილი 534 კვადრატული მეტრი მიწა სამართავად ახალ კომპანიას გადაეცა. ბაზრის მოვაჭრეები კი ახალ კომპანიას ტერიტორიაზე არ უშვებენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ მიწა მერიის საკუთრებაა და შესაბამისად მისი გასხვისების ან იჯარით გაცემის უფლებაც ჰქონდა.
ბაზრის ძველი ადმინისტრაცია ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. მათი თქმით, ახალ კომპანიას ადილობრივი პოლიციისა და გუბერნატორის ნათესავები ფლობენ.
ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მერიამ მიწა იმ კომპანიას გადასცა, რომელიც აუქციონამდე 4 საათით ადრე იყო შექმნილი და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოლიციის უფროსის კობა ხარებავას ბიცოლაა.
ბრალდებებს არ ეთანხმება ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
ზუგდიდის ბაზრის შემთხვევა ერთადერთი არ არის, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას სახელს უკავშირდება. მისი ნათესაობა ძირითადად ძალოვან სტრუქტურებში არიან დასაქმებული.
ნეპოტიზმის ფაქტებს უკავშირდება ზუგდიდის გამგებლის, ედიშერ თოლორაიას სახელიც.
მისი და, ხათუნა თოლორაია ბაღების მართვის ცენტრის სპეციალისტია. ამავე სტრუქტურაშია დასაქმებული გამგებლის სიძე, წარსულში ნასამართლევი იაკობ კვარაცხელია, რომელიც კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
გარდა ამისა ამავე უწყებაში არიან დასაქმებულები მისი მეგობრები და ნათესავები: სალომე ჩანგელია-ჯანდაცვის განყოფილების უფროსი, ზურაბ ჯაბუა-დასუფთავების სამსახური, ვლადიმერ ქვარცხავა-ახალსოფლის რწმუნებული, ინეზა მურღულია-ბაღების ცენტრის დირექტორის მოადგილე და ლიკა ქვარცხავა-რუხის რწმუნებული.
ნეპოტიზმის ფაქტები არის გამოვლენილი ზუგდიდის საკრებულოშიც, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას ოჯახის წევრები ადგილზე არიან დასაქმებულები: ნანა თოდუა-გამგეობის სოციალურ სამსახურში, თემურ თოდუა-საკრებულოს აპარატში, გვანცა თორდია კი საკრებულოს საქმისწარმოების სპეციალისტის პოსტს იკავებს.