თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ორშაბათამდე ისევ სხდომათა დარბაზთან რჩებიან და აუდიტორიის ბლოკირებას განაგრძობენ.
ახალგაზრდები პროტესტის შეწყვეტას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნამდე არ გეგმავენ, თუმცა დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე სტუდენტები დამატებით 3 მოთხოვნაზე შეთანხმდნენ.
ახალგაზრდები ითხოვენ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებასაც.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა, რომლის განცხადებით, უნივერისტეტში ე.წ. ოდეერის არსებობა, კანონის მიხედვით, არ არის დაშვებული.
„მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ როგორც სტუდენტები ამბობენ, ე.წ. ოდეერი ერევა უნივერსიტეტის საქმიანობის სფეროებში, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა იყოს სახელმწიფოს ნებისმიერი უწყების ჩარევისგან. ძალიან გულდასაწყვეტია ის, რომ მხოლოდ ერთეულ პედაგოგებს ვხედავ სტუდენტების გვერდით. პროფესორ-მასწავლებლების უმეტესობაში ამ მიმართულებით არის სიჩუმე,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიურ საბჭოს ორშაბათს შეხვდება, სადაც სავარაუდოდ, მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით.