20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"ეს არის მიმართული პირადად, პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ,“ - ირაკლი სესიაშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას „ამაზრზენ ფაქტს" უწოდებს.

ეს განცხადება ირაკლი სესიაშვილმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებები ყველა საშუალებას გამოიყენებენ აღნიშნულ ფაქტის გამოძიებისთვის და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

„საღად ვინც აზროვნებს, კარგად ხვდება, რომ თუ ვინმეს დღეს ასეთი მარაზმი არ აწყობს და აზიანებს, ეს არის ხელისუფლება,“-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას.

სესიაშვილის თქმით, ამგვარი ქმედება პირდაპირ აზიანებს ხელისუფლებას და მიმართულია თითოეული ადამიანის წინააღმდეგ.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მიზანმიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის მიმართული პირადად, პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს კადრების გავრცელებაში ხელისუფლების ჩარევას.

„სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში თავისუფალი დემოკრატები ამოიღეს სამიზნედ და მე დღეს თავისუფალი დემოკრატი ვარ, იმიტომ რომ მეც ისევე დავზიანდი, როგორც თითოეული მათგანი და ვისაც გონია, რომ ხელისუფლებაა ამაში ჩარეული, ეს არის წმინდა პოლიტიკური სიბეცე,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან ასევე კატეგორიულად გამორიცხა კადრების ახალი ხელისუფლების პირობებში ჩაწერა.

„ეს ჩანაწერები ვერ იქნება ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია,“ - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

დღის ამბები