62 წლის დალი კაკტაძე რამდენიმე თვეა, მოწყალებას ითხოვს. ის ჯვრის მონასტერთან კვირაში სამჯერ, დილის ცხრა საათზე იმ იმედით მიდის, რომ დღის ბოლოს მშიერი არ დარჩება.
დალი კაკტაძე ახლა მხოლოდ პენსიით ცხოვრობს, რასაც ძირითადად მედიკამენტებზე ხარჯავს. დღეს ვერ იგებს, მისი 17 000 ქულა 68 000-ად როგორ გადაიქცა და თან იმის შემდეგ, რაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, მარტოხელა პენსიონერების სოციალური შემწეობის გარეშე დატოვება შეცდომად აღიარა.
სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, რომ მარტოხელა პენსიონერების 80% -ს, ვისაც სოციალური დახმარება შეუჩერდა, შემწეობის მიღება მალევე განუახლეს, თუმცა იმ მოხუცებს, რომელთა შესახებაც პოსტსკრიპტუმში პერიოდულად გიამბობდით, ეს ცვლილება არ შეხებია.
ის, რომ ქულების დათვლის ახალი სისტემა, კონკრეტული ოჯახების მაგალითზე, ეფექტიანად ვერ მუშაობს, სოციალური დახმარების სააგენტოშიც თანხმდებიან.
ავტორი: რუსუდან დათუკიშვილი