თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენთა პროტესტი უკვე რამდენიმე დღეა, გრძელდება. სტუდენტები კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის ყოფნას აპროტესტებენ.
სტუდენტთა პროტესტი რამდენიმე დღის წინ განსაკუთრებით გამწვავდა. აქციამ უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დაბლოკეს კარი, სადაც სენატის სხდომა უნდა ჩატარებულიყო და კანცლერობის კანდიდატი უნდა აერჩიათ. მიუხედავად საპატრულო პოლიციის ჩარევისა, სენატის სხდომა ჩაიშალა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის ერთადერთი კანდიდატი, 28 წლის გიორგი გაფრინდაშვილი, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ამბობს, რომ მისი კანდიდატურა იურიდიული კომიტეტის საბჭომ ერთხმად აირჩია, წარდგენის შემდეგ შეხვდა ყველა ჯგუფს, მხარდამჭერებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. მისი თქმით, მაშინ პროტესტი არავის გამოუთქვამს და არც ზონდერობაზე მიუთითებია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა, ამბობს, რომ გაფრინდაშვილისთვის მხარი არ დაუჭერია. მიზეზად პაპავა გაფრინდაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ასახელებს.
მისი თქმით, გაფრინდაშვილს დაბრალდა პოლიტიკური წარსული, თითქოს ის იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და იყო ზონდერების მფარველი, რაც გარკვეულ დაპირისპირებას წარმოშობს უნივერსიტეტში. ის იმასაც ამბობს, რომ სოწრედ ამ მიზეზების გამო არ გამოუცხადა მან გაფრინდაშვილს მხარდაჭერა. ამავდროულად პაპავა უდანაშუალობის პრეზუმციაზე მიუთითებს.
სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ, საქართველოს განათლების მინისტრიც შეხვდა. თამარ სანიკიძე შეხვედრაზე ოდეერებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
კანცლერობის კანდიდატი კი, რომელსაც ვითარების დასტაბილურების მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადადგომისკენ მოუწოდა, ხვალ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს კიდევ ერთხელ შეხვდება.
ავტორები: თენგიზ გოგოტიშვილი, აკა ჯორბენაძე.