20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
უნივერსიტეტში ერთმანეთის საპირისპირო 2 აქცია მიმდინარეობს

ხმაურით მიმდიარეობს სტუდენტების ორი საპირისპირო აქცია ამ წუთებში და ორივე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეზოში.

ერთ აქციას ატარებენ ის სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე დღეა აპროტესტებენ უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და მოითხოვენ დაწესებულებაში ე.წ. ოდეერის არსებობის თემაზე გამოძიების დაწყებას.

მეორე აქციას კი ასევე 12 საათზე და ასევე უნივერსიტეტის ეზოში გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერი ახალგაზრდები გეგმავენ.

უნივერსიტეტში მობილიზებულია დაცვის სამსახური. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველები და საპატრულო ეკიპაჟები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უკვე შეხვდა პარალელური აქციის მონაწილეებს და მათ თავშეკავებულობისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, მთავარია უნივერსიტეტი არ ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოდან.

„იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ არ მოხსნის თავის კანდიდატურას, უნივერსიტეტს ერთადერთი გზა დარჩენია, რომ არ ამოვარდეს ლეგიტიმური ჩარჩოდან, ეს არის სენატის სხდომის ჩატარება,“ - აცხადებს ლადო პაპავა.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტებს, რომლებიც მოითხოვენ უნივერსიტეტის ავტონომიას, შეუერთდნენ სამხატვრო აკადემიისა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.

დღესვე, როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში დაგეგმილია აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ცნობილია, რომ მივა გიორგი გაფრინდაშვილი. სწორედ დღეს უნდა გაირკვეს, მოხსნის თუ არა ის საკუთარ კანდიდატურას ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

დღის ამბები