კამპანია ეს შენ გეხებას წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და არ ენდობიან საგამოძიებო უწყებებს. ეს შენ გეხებას წევრებმა სპეციალური ბრიფინგი ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში გამართეს.
ისინი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ფარული ვიდეო კადრების გამოქვეყნების საქმის სასწრაფოდ გამოძიებას მოითხოვენ. არასამთავრობოებს ასევე სურთ პრეზიდენტთან, პრემიერთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა.
"ეს არის პირდაპირი შანტაჟი, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისა, რომლებიც არიან ამ ვიდეოებში, არამედ მთელი საზოგადოების და მთი ფსიქოლოგიური წნეხის და ტერორის ქვეშ ყოფნისთვის პირდაპირი მცდელობა, რაც სერიოზული დარტყმაა, როგორც სამართლიან და თანაბარ წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე ზოგადად დემოკრატიულ გარემოზე ამ ქვეყანაში," - აცხადებს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
სამოქალაქო მოძრაობის წევრები ასევე აანონსებენ ფართომასშტაბიან აქციას, რომელიც შაბათს გაიმართება.
ბრიფინგის შემდეგ კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ.
ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ, ერთის მხრივ, ხელისუფლება არ არის ეფექტური ამ პროცესთა ბრძოლაში, მეორეს მხრივ კი შესაძლოა, უფრო ახალი და საშიში პროცესებია დაწყებული.
მისი თქმით, დაწყებულია შეტევა პრო დასავლურ ძალებზე.
"ეს მიზანი, რომელსაც ჯერ ვერ ვადასტურებთ, მაგრამ ასე ვხედავთ, პირველ რიგში, შედის ხოლმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესებში, რომელსაც სწორედ ქაოსი აწყობს ამ ქვეყანაში. პრო რუსული ძალების გააქტიურებასაც აშკარად ვხედავთ საქართველოში,“ -აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი.
ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე საუბრობს IDFI-ის დირექტორი. გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ აშკარად იკვეთება საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალების კარგად გამიზნული ქმედება, რაც დესტაბილიზაციის და პოლიტიკური კრიზისის წინაპირობაა.
ეს შენე გეხება სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ითხოვს, სადაც გამომძიებლებთან ერთად, საქმეში ჩართული იქნებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.