იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას წინა ხელისუფლების დანაშაულზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ აიღებს საკუთარ თავზე იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის ჩადენილი.
ამის შესახებ მინისტრმა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ეს ბოლო დღეები ვესწრებით განმეორებით და თანმიმდევრულ დარტყმებს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე და სახელმწიფოებრიობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უმსგავსო ქცევა, რომელიც დანაშაულია იქნეს გამოძიებული. რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ვერანაირ შემთხვევაში ვერ აიღებს პასუხიმგებლობას ამ კადრების შექმნაზე და გავრცელებაზე. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება მალე იქნენ მიგნებულნი და სამაგალითოდ დასჯილნი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.