ანკარის ტერაქტის შემდეგ, თურქი სამართალდამცველები ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სპეცოპერაციებს ატარებენ. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ დიარბაქირში სამართალდამცველებსა და ქურთ სეპარატისტებს შორის შეტაკებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ძალოვანების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი ოფიცერია, დანარჩენი სამი კი ქურთი მებრძოლია. ასევე დღეს თურქეთის პოლიციამ გახსნა საზოგადოებისთვის ის ადგილი სადაც 2 დღის წინ ტერაქტი მოხდა. ანკარაში აფეთქებას, 37 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერის თქმით, ამჟამად 11-ი ეჭვმიტანილია დაკავებული და მომხდარში ქურთი სეპარატისტების კვალი იკვეთება. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს
“ეს ანკარაში ბოლო 5 თვის განმავლობაში მესამე ტერაქტია. საკმარისი დრო გავიდა, რომ გამოეძიებინათ ვინ აწყობს ამ ტერაქტებს. სახელმწიფო არაერთხელ დაგვპირდა, რომ უსაფრთხოებას გააძლიერებდა, თუმცა როგორც ჩანს ასე არ მოხდა. ეს თავდასხმა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, რომ შემდგომში მსგავსი რამ აღარ გამეორდეს. ამ წუთებში მთელი თურქეთის მასშტაბით ქვეყნის ყველა შესასვლელი მკაცრად კონტროლდება და მიმდინარეობს სპეცოპერაციები ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომხდარზე. სამართალდამცველებმა დააკავეს რამდენიმე ქურთი სეპარატისტი, მაგრამ დაკავებულები ბრალდებებს არ აღიარებენ” - განაცხადა ჟურნალისტმა მეჰმედ ქარჯაიამ.
ანკარის მოსახლეობის თქმით მათ დაუცველობის განცდა აქვთ.
“ხალხს დაუცველობის განცდა აქვს. სახელმწიფო ჩვენ ვერ გვიცავს და ეს საკითხი უნდა მოაგვარონ. ვფიქრობ ტერორისტებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თურქი ხალხისთვის საკმარისია რაც უკვე მოხდა და უნდა შეწყვიტონ ეს ტერორი “ - აღნიშნა ანკარას მცხოვრებმა ნექლა სარამ.
ავტორი: დავით კაკულია