უშედეგოდ დასრულდა 6 საათიანი მოლაპარაკებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რექტორის, ვლადიმერ პაპავასა და განათლების მინისტრის მოადგილის შეხვედრები სტუდენტებთან დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
დაპირისპირებული მხარეები ამ დრომდე არ თმობენ პოზიციებს და არ წყვეტენ პროტესტს. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები კვლავ ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ და არ აპირებენ პირველი კორპუსის შენობის დატოვებას.
რაც შეეხება სტუდენტთა მეორე ნაწილს, ისინი კვლავ 115-ე აუდიტორიაში რჩებიან იმ დრომდე, ვიდრე თვითმმართველობა აქციას არ შეწყვეტს.
მინისტრის მოადგილისა და ვლადიმერ პაპავასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ისინი ადმინისტრაციასთან შეთანხმდნენ, რომ გადავიდოდნენ დიალოგის რეჟიმზე.
შეხვედრა მომავალ სამშაბათს გაიმართება. სტუდენტთა ეს ნაწილი თვითმმართველობისგან განსხვავებით, ვლადიმერ პაპავას მოუწოდებს, არ დატოვოს თანამდებობა - ამ მოსაზრებას იზიარებენ უნივერსიტეტის ლექტორებიც. 4 მათგანი ამ მოთხოვნით უკვე მეორე დღეა შიმშილობს.
გადადგომას არ აპირებს თავად რექტორიც.
“ჩემი პოზიცია ურყევია, ვთვლი, რომ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორი არ შეიძლება გადადგეს, ამ პოზიციაზე ვდგავარ ახლაც,“ - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.