20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"მაესტრო"-ტელეკომპანია ამ სახელწოდებით მაუწყებლობას წყვეტს

ტელეკომპანია მაესტრო–ამ სახელწოდებით მაუწყებლობას წყვეტს. არხის ბაზაზე ორი სხვა და სხვა ტელევიზია იმუშავებს, თუმცა არც ერთს მაესტროს სახელის გამოყენების უფლება არ აქვს. უკვე ცნობილია, რომ არხი მ 24 რომელსაც ბაჩო კიკაბიძე ხელმძღვანელობს რამდენიმე დღეში გავა ეთერში, თუმცა გაურკვეველია, როგორ და საიდან აპირებს მაუწყებლობას ლევან გაჩეჩილაძე, რომელთანაც თანამშრომლობას მაესტროელების დიდი ნაწილი არ აპირებს.

ლევან გაჩეჩილაძის სამომავლო გეგმების გარკვევამდე კი დღეს დილიდან არხი, რომლის გენერალურ დირექტორადაც ის საჯარო რეეტსრმა დანიშნა, ეთერში ლოგოს გარეშე გავიდა. მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, რომლის მიხედვითაც ბაჩო კიკაბიძის შ.პ.ს. ტელეკომპანია მაესტროს სახელწოდების გამოყენება აეკრძალა. კანონის თანახმად კი სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება მესამე პირსაც შეეზღუდა. ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი მომხდარს კანონდარღვევად აფასებს.

ალტერნატიული ფართის მოსაძებნად გონივრული ვადა ლევან გაჩეჩილაძეს არ დაუსახელებია. ახალი არხი კი ეთერში შესაძლებელია უკვე ხვალიდან გავიდეს. რის შემდეგაც ის თანამშრომლები რომლებიც განთავისუფლების შესახებ დაწერილი განცხადებების მიუხედავად სატელევიზიო პროდუქტს ჯერ ისევ შ.პ.ს. სტუდია მაესტროსთვის ქმნიან, ახალ ტელევიზიაში იმუშავებენ. უცნობია ამ შემთხვევაში რა სახის გადაცემები გავა გაჩეჩილაძის არხზე, ვინ გააკეთებს ამ გადაცემებს და რა ტექნიკური ბაზით შეძლებს ის მაუწყებლობას.

ავტორი: ეკა გაგუა

 

დღის ამბები