თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის წევრებს რექტორის თანამდებობაზე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის დანიშვნა სურთ არ ადასტურებს. განცხადება პაპავამ გადაცემა არჩევანში გააკეთა. ლადო პაპავა ამ ინფორმაციას შეთქმულების თეორიებს უწოდებს. მისი განცხადებით, ის დიდ პატივს სცემს ბურდულს და უახლოეს მომავალში მასთან ერთად ძალიან ბევრი პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.
„ეს ისევ შეთქმულების თეორიებია, შეთქმულების თეორია, რომ პაპავა გადააყენონ, შეთქმულების თეორია, რომ ვიღაცა მოიყვანონ, თუნდაც ეს იყოს ბატონი ბურდული, რომელიც არის ჩვენი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და რომლის მიმართაც ძალიან დიდ პატივისცემას გამოვხატავ, როგორც ნებისმიერი ჩვენი უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანისადმი. ამიტომ მე ასეთი შეთქმულების თეორია მინდა გამოვრიცხო და კიდევ ერთი რამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ძალიან მალე ერთობლივად , ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე გვექნება ერთობლივი გადაწყვეტილებები მისაღები. ისევ დღის წესრიგში დგება კანცლერის არჩევის საკითხი, უნდა გამოვაცხადოთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი კონკურსი , ეს კონკურსი უნდა ჩატარდეს ყველა პროცედურის დაცვით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცედურები ბოლომდე აღსრულდეს,“-განაცხადა ლადო პაპავამ.