საბავშვო ბაღებში ბოლო 3 თვეა მასობრივი საკადრო ცვლილებებია დაწყებული. სამსახურიდან უშვებენ არა მხოლოდ დირექტორებს, არამედ სხვა თანამშრომლებსაც.
ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს პროცესი მონიტორინგის დასკვნას და შესაბამისად დაწესებულებებში არსებულ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა თავად გათავისუფლებულები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. სამსახურებიდან ძირითადად იმ პერსონალის დათხოვნა ხდება, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე იყვნენ მიღებული.
დირექტორის გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად მონიტორინგის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა სახელდება, რომლის მიხედვითაც კვების მიმართულებით ბაღში დარღვევები გამოიკვეთა. მონიტორინგის პერიოდში სააღმზრდელო დაწესებულებაში დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის თანამდებობაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რეკომენდაციით დაინიშნა. სავარაუდოდ პასუხისმგებლობა მოადგილესაც უნდა დაკისრებოდა, თუმცა ის ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებს.
გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი ბაღების სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ავტორი: ეკო მაღრაძე