20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ფარული ვიდეოჩანაწერები - იკითხება ყველა პირი, ვისაც მუქარა შეეხო, ან საჯარო განცხადებები გააკეთა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს, თუმცა დეტალებს არ ახმაურებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ჯერ ისევ უპასუხოა კითხვები - რომელი ქვეყნიდან მოხდა პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების youtube-ზე ატვირთვა და დაადგინა თუ არა გამოძიებამ ვიდეოების ამტვირთავის აიპი მისამართი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მედიისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროკურატურა კითხავს ყველას, ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე საჯარო განცხადება გააკეთა.

ინგა გრიგოლიას მთავარ პროკურატურაში დღეს საათნახევარი კითხავდნენ. ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.

გრიგოლიას განცხადებით, 2012 წლის წლის არჩევნებამდე მისთვის მეგობრისგან ცნობილი იყო, რომ მასზე გარკვეული კადრები არსებობდა, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ არავის დაუშანტაჟებია.

დღის ბოლოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს ჟურანლისტი გიორგი ფარესიშვილიც. 

პრემიერმინისტრის ინფორმაციით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ საქმე მალე გაიხსნება. ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს პრეზიდენტმაც.

როდის დადებს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე შუალედურ დასკვნას უცნობია.

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე ელოდებიან კომპანია google-გან პასუხს, რომელსაც ვიდეოების ამტვირთავის აიპი მისამართის დადგენაში დახმარებისთვის მიმართეს. 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები