კამპანია ეს შენ გეხება პროტესტის ახალ ტალღას, 19 მარტის აქციით დაიწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული თვალთვალის საქმეზე სასწრაფო გამოძიებას, კანონის გამკაცრებას და სპეციალური საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას ითხოვენ, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე იმუშავებს.
ეს შენ გეხებას აქციას, სამოქალაქო პროტესტის გამოსახატად, თავისუფალი დემოკრატების წევრებიც შეუერთდებიან, რომლებიც დღეს აქციის ორგანიზატორებს შეხვდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების და მუქარის ვიდეოს გავრცელებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ და სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან ერთად, პოლიტიკურ მოტივებზეც მიუთითებენ.
არასამთავრობო სექტორის აქტიურობას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წევრები და თვლიან, რომ საპროტესტო გამოსვლები ამ საკითხზე მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს უნდა გამართულიყო.
კამპანია ეს შენ გეხებას წევრები, უკანონო თვალთვალს და ფარულ მიყურადებას 19 მარტის მსვლელობით გააპროტესტებენ, აქციამდე ერთი დღით ადრე კი პრემიერმინისტრს შეხვდებიან.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გეგმები დღეს სტუდენტებსაც გააცნეს. სტუდენტების ნაწილი, 19 მარტის აქციას შეუერთდება.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი