ტელეკომპანია ”მაესტროს” დავაში მონაწილე მხარეებს შორის შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყოს. მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის ინიციატივით ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა აკობია გამოვიდა. მისი განმარტებით ”მაესტროს” ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ტელეკომპანიის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა. აკობიას შეთავაზებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ დავაში ჩართული მხარეების წარმომადგენლები.
“ ვთავაზობ ორივე მხარეს დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დროა მოილაპარაკონ, დროა ყველანაირი კომფლიქტი, რომელიც მათ შორის არსებობს გადაიტანონ კაბინეტურ სიტუაციაში და არა ცისფერ ეკრანებზე გამოიტანონ. მე ვიღებ ვალდებულებას და ამას შევასრულებ, ორივე მხარეს დაველაპარაკო, რომ ისინი დასხდნენ მოსალაპარაკებლად“ - განაცხადა შპს ”სტუდია მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელმა ეკა აკობიამ.
მაკა ასათიანის და გია გაჩეჩილაძის ადვოკატების თქმით, ისინი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ და იმედი აქვთ რომ ეს მოლაპარაკებები მალე დაიწყება.