ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრემიერს უნდა შეხვდნენ. სამოქალაქო სექტორს აინტერესებს რა სტრატეგიით აპირებს ხელისუფლება საქმის გამოძიებას და რამდენად არის მზად სახელმწიფო დაიცვას მოქალაქეების პირადი ცხოვრება. ასევე, მოითხოვენ ფარული თვალთვალის საქმეზე სასწრაფო გამოძიებას და კანონის გამკაცრებას.
პრემიერთან შეხვედრამდე, ისინი ჟურნალისტებს მომავალ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. მათი თქმით, კამპანია ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ ფართოვდება და სხვა არასამთავრობოებთან ერთად, მათ პროფკავშირები და ქალთა მოძრაობაც უერთდება.
ხვალ კი მასშტაბურ აქციას გეგმავენ ფილარმონიასთან, სადაც კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ ფარულ მიყურადებას და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას.