საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხის დაყენებას უმცირესობა დღეს საკრებულოს სხდომაზე გეგმავს. არსებულ პრობლემაზე ისინი დღესვე კომისიებსა და ბიუროზეც ისაუბრებენ. ნაციონალური მოძრაობა ბაღებიდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზების დაკონკრეტებას მოითხოვს.
როგორც ცნობილია, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისის ბაღებიდან, დაახლოებით, 50 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან რამდენიმე დირექტორია.
ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს პროცესი მონიტორინგის დასკვნას და შესაბამისად, დაწესებულებებში არსებულ დარღვევებს უკავშირდება, თუმცა თავად გათავისუფლებულები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.