ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ჟურნალისტები მოდავე მხარეებს მოუწოდებენ დაიცვან ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.
” ჩვენ ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უზრუნველვყოფდით „მაესტროს“ ეთერის უწყვეტობას, პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციაზე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელს ვაწვდიდით და რომელსაც საინფორმაციო სამსახური ერთობლივად ამზადებდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. მაგრამ ახლა უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე დავის დაწყებამდე. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, ეკა აკობიას განცხადება, სიახლეა ისიც, რომ ამ დავას მხოლოდ ორი მხარე ჰყავს და მათ შორის მოლაპარაკება შესაძლებელია.
მივმართავთ დავაში მონაწილე ყველა მხარეს. მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი პროფესიული საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში შევასრულოთ. ყველა მხარემ დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის ფინანსურიც.
ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ იარაღი რომელიმე მხარის ხელში. ვიაზრებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებლისა და საზოგადოების წინაშე. როგორც ჟურნალისტებს გვაქვს კითხვები სასამართლოსთან, სწორედ ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით 15 საათზე საქალაქო სასამართლოსთან და ველით ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია“ - ნათქვამია განცხადებაში.