რაიმე სახის კომუნიკაციას გაჩეჩილაძეებსა და მაკა ასათიანს შორის არ ადასტურებს მაკა ასათიანის ადვოკატი. გუშინ ასათიანმა და გაჩეჩილაძეებმა მიიღეს შეთავაზება არხის ერთ-ერთი მეწილისგან, ეკა აკობიასგნა, რომ მათ დაიწყონ მოლაპარაკებები მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"მე არ გამაჩნია ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ვერ გეტყვით, შედგა თუ არა ეს კომუნიკაცია. ჩემი ინფორმაციით, მაკა ასათიანი უახლოეს საათებში გააკეთებს განცხადებას, რომელიც ნათელს მოჰფენს მის რეალურ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ.
მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელის მამუკა ღლონტის თქმით, ის და ეკა აკობია მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"არც მე და არც ეკა აკობია ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი წილი იმდენად პატარაა, რომ არ წყვეტს არაფერს და მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენია, იმაზე სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ ნებისმიერ შემთხვევაში“, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.
გაჩეჩილაძეების ადვოკატის ირაკლი კორძახიას თქმით, მაკა ასათიანი მორიგების წინააღმდეგი არ არის.
"მორიგების წინააღმდეგი მაკა ასათიანი არ არის, შეიძლება ეს დასრულდეს მორიგებით შეიძლება არ დასრულდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ მაესტრო გავიდეს მისი სახელით ეთერში და მეორე - ჟურნალისტებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. შემდეგი საკითხი შეიძლება იყოს მაესტროს დირექტორის შესვლა შენობაში“, - აღნიშნა კორძახიამ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი