მაესტროს ჟურნალისტებმა ბოლო საგანგებო განცხადება 1 საათის წინ გაავრცელეს. არხის თანამშრომლები მოდავე მხარეებს 5 პუნქტიან მოთხოვნას უყენებენ. მათ შორის არის ტელეკომპანიისთვის ლოგოს და სახელწოდების დაბრუნება.
საგანგებო განცხადებამდე მდუმარე აქციით მაესტროს ჟურნალისტებმა ტელევიზიის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საქალაქო სასამართლოში გააპროტესტეს. ჟურნალისტების განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ არ სურთ, მიმდინარე დავაში ისინი რომელიმე მხარემ გამოიყენოს. აქციას ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე და მამუკა ღლონტიც ესწრებოდნენ.
დაიწყება თუ არა მოდავე მხარეებს შორის დიალოგი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ბაია გადაბაძის განცხადებით, ასათიანი გაჩეჩილაძეებთან დიალოგის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგია.
განსხვავებული ინფორმაცია აქვს ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატს. ირაკლი კორძახიას განცხადებით, სატელეფონო კომუნიკაცია მაკა ასათიანსა და გაჩეჩილაძეებს შორის გუშინ ღამით შედგა. მოდავე მხარეებს შორის მოლაპარკებების დაწყების მომხრეა მამუკა ღლონტიც.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.