20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
რუსული ოკუპაცია ჯარიაშენში და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოსახლეობა

რუსული ოკუპაცია გრძელდება. რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე ყოველდღიურად ახალ მავთულხლართებს აბამენ. ამჯერად ოკუპანტებისთვის საქართველო, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან დამთავრდა.

ადგილობრივებს ჯარიაშენში საგაზაფხულო სამუშაოები უნდა დაეწყოთ, მაგრამ მავთულხლართებით შემოსაზღვრული სოფლის და ჯარიაშენის მოსახლეობის ბაღ-ვენახები ე.წ. საზღვარს მიღმა დარჩა. რამდენიმე დღის წინ სოფლის სასაფლაოსთან ახლოს ოკუპანტებმა გზის გაყვანა დაიწყეს და მოსახლეობას მასთან მიახლოებაც კი აუკრძალეს.

კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას ქართველი სამართალდამცავები აქტიურად აკონტროლებენ, მაგრამ არა ჯარიაშენში. რუსთავი 2-ის ჟურნალისტების ყოფნის დროს პოლიციელები იქ არ გამოჩენილან, სამაგიეროდ, ე.წ. საზღვარზე თავისუფლად მოძრაობენ რუსი ოკუპანტები.

ადგილობრივი მოსახლეობა საძოვრების გარეშე დარჩა, მაგრამ რამდენიმე ოჯახი შესაძლოა სულაც საოკუპაციო საზღვარს მიღმაც აღმოჩნდეს.

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ბაღები მოსახლეობის ერთადერთი სადარდებელი არაა. ადგილობრივები შიშობენ, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში კუთვნილი პენსიის აღების საკითხიც პრობლემური გახდება.

ავტორი:თეა ადეიშვილი

დღის ამბები