თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლა კონსერვატორიის თვითმმართველობის პრეზიდენტს შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომის ფასად დაუჯდეს. სტუდენტები სიმონ ჩაჩანიძის ახსნა-განმარტებებს და გადაწყვეტილებას ელოდებიან. თვითმმართველობის პრეზიდენტი ან თანამდებობიდან წასულ თვითმმართველობის წევრებს უნდა შეუერთდეს, ან კონსერვატორიის სტუდენტობის სახელით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადოს.
სტუდენტების სახელით გაკეთებულ განცხადებას კონსერვატორიაში სტუდენტური მანიფესტით შეხვდნენ. ინიციატივის გამო კონსერვატორიის თვითმმართველობა რამდენიმე წევრმა, მათ შორის ვიცეპრეზიდენტმაც დატოვა. მანიფესტი შეხვედრაზე სიმონ ჩაჩანიძეს სწორედ ყოფილმა მოადგილემ წაუკითხა.
სიმონ ჩაჩანიძე აღიარებს, რომ თსუ-ს თვითმმართველობის მხარდაჭერის შესახებ აზრი საკუთარი სტუდენტებისთვის არ უკითხავს. ამბობს, რომ შეცდომა დაუშვა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებას ის უახლოეს დღეებში აპირებს.
ავტორი: ეკა გაგუა